ეს იმ გამონაკლის რევიუთაგანია, რომლის დაწყებაც არ მიწევს იმის მოყოლით, თუ რომელ კინოთეატრს ვესტუმრე. რენი ჰარლინის "აგვისტოს 5 დღის" პრემიერა 5 ივნისს კინო რუსთაველში შედგა, ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავებს კი მას შემდეგ შეგვეძლო ის შეგვეფასებინა, თუმცა ამას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი ერთმა ფაქტმა. პროდიუსერებმა გადაწყვიტეს ბრიტანეტში ფილმი მალევე გამოეშვათ DVD-ზე (13 ივნისი). გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პირატობა ყვავის, ფილმის DVDrip მალევე შეაღწევდა ყველა ქართველის სახლში, თანაც არა გახმოვანებული, არამედ ორიგანალი.
"აგვისტოს 5 დღე" მოგვითხრობს ამერიკელი ჟურნალისტის და მისი ოპერატორის შესახებ, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩამოდიან მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად. ისინი ჯიუტად ცდილობენ ცხელ წერტილებში ჩასლვას, და იმ მასალის გადარჩენას, რომელზეც ომის დაწყების და რუსების მიერ მოსახლეობის აწიოკების კადრებია ასახული. მათ ეხმარებიან ქართველი ჯარისკაცები, რომელთაც კაპიტანი რეზო ავალიანი ხელმძღვანელობს, ასევე თარჯიმნობას უწევს ახალგაზრდა ქართველი გოგონა.
ფილმის ყველაზე დიდი სისუსტე არის სცენარი. მთელი სიუჟეტი ორ ნაწილად იყოფა, რომელთაც ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ. ისტორია, რომელიც პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს და მის რეზიდენციაში მიმდინარე მოვლენებს მიუყვება, გარკვეულწილად პოლიტიკურ ვითარებას გვაცნობს. თუმცა, ამ ნაწილისთვის დათმობილი დრო (სატელევიზიო გამოსვლები და თათბირები) ნაკლებად იძლევა პოლიტიკაში გარკვევის საშუალებას და მხოლოდ ზედაპირულ წარმოდგენას გვიქმნის. სიუჟეტის მეორე ხაზი, ამერიკელ ჟურნალისტს თავგადასავალს ასახავს, იმას რაც მას ერაყში გადახდა, რატომ ჩამოვიდა საქართველოში და სხვა. ძალიან მარტივად და ბანალურად მეჩვენება მათი, როგორც საკუთარი პროფესიის ერთგული და სიმართლისათვის თავდადებული ადამიანების, 5 დღიანი ქართული ისტორია. მთელი სიუჟეტი ზედმეტად სწრაფად და არეულად ვითარდება, თითქოს ლოგიკური გადასვლები აკლია.
"აგვისტოს 5 დღე" არის ექშენის ჯანრის საომარი ფილმი. მასში ნაჩვენებია სამხედრო ოპერაციები, როგორც ერაყში, ისე საქართველოში. დიდი ყურადღება ეთმობა საჰაერო თავდასხმებს, აფეთქებებსა და კვამლში გახვეულ ადგილებს. როგორც ჰარლინის ინტერვიუში ამოვიკითხე, მასში აღფრთოვანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მის განკარგულებაში დაახლოებით 80 ტანკი, 8 ვერტმფრენი, სამი რეაქტიული თვითმფრინავი და ორი–სამი ათასი ჯარისკაცი. მანაც არ დაიზარა და ყველაფერი ეს თავის ფილმში აჩვენა, ამიტომაა, რომ ხშირად ათეულობით ტანკი ერთ კადრში ჩნდება. მიუხედავად ყველაფრისა ფილმი არ გამოირჩევა საუკეთესო ეფექტებით. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რეჟისორი შეეცადა ფილმი დრამის ელემენტებითაც გაეჟღინთა. ის ცდილობს დაგვანახოს ომის სისასტიკე, მისი მსხვერპლი, რომლებიც უდანაშაული ადამიანები გახდნენ, იქ მყოფთა ტანჯვა, ახლობელებისა და საკუთარი მიწის დაკარგვით გამოწვეული. ეს ყველაფერი კი იმ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით განახორციელა, რომელსაც ფილმის დასასრულს ამ ომში მხილველი ადამიანები თავად გვიყვებიან. ამის მიუხედავად მაინც ექშენმა გადასძალა. ფილმის რომანტიკული მხარეც კი ნაკლებად მომზიდველია, გაცილებით უფრო ამაღელვებელი სასიყვარულო ისტორია შეიძლებოდა განვითარებულიყო.
რასაც "აგვისტოს 5 დღეს" ვერ დავუწუნებ ესაა ოპერატურაა, ფილმის გარკვეული ნაწილი ჯურნალისტის კამერითაა ასახული და თავისებურ ეფექტს ქმნის. მუსიკა ნადვილად არ ახდენს შთაბეჭდილებას, ტრევორ რაბინის ნამუშევარი არც ყურადღებას იქცევს და არც რაიმე განსაკუთრებულს სძენს ფილმს.
რაც შეეხება მსახიობთა ოსტატობას. რადგანაც ჩვენთან ყველაზე პოპულარული ენდი გარსიაა, ჯერ მასზე მოგახსენებთ. ვერ ვიტყვი რომ მან იმედი გამიცრუა. ჩემი აზრით, ის მხოლოდ პოლიტიკურ მოსაზრებებს ახმოვანებდა და მეტი არაფერი. ცდილობდა ყოფილიყო ემოციური, მაგრამ განსაკუთრებულ ემოციას სულაც არ აღძრავდა. რუპერტ ფრენდის გმირი ისეთია როგორიც უნდა ყოფილიყო, რიჩარდ კოილი კი უბრალოდ ახალისებს ფილმს. ჩემი აზრით შრიკის გმირი საერთოოდ ვერ ერგება თავის როლს. ის ნაკლებად ჰგავს ქართველს და მისი ემოციებიც ძალიან ხელოვნურია. ფილმში ქართველ მსახიობებსაც ჰქონდათ საკმაოდ მნიშნელოვანი როლები, თუმცა მეგონა ისინი მხოლოდ ეპიზოდებში გამოჩნდებოდნენ. გასაკვირიც არაა, რომ თავიანთი წარმოშობის გამო მიშა გომიაშვილი და ანა იმნაძე უფრო კარგად გადმოსცემდნენ ომისგან გამოწვეულ განცდებსა და ტკივილს. დინ კეინი, რომელიც პრეზიდენტის ამერიკელ მრჩეველს ანსახიერებს მხოლოდ ორი რამისთვისაა ფილმში, ერთი რომ ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებები გაახმოვანოს და მეორე, რომ პრეზიდენტმა და მინისტრებმა ინგლისურად ისაუბრონ. აქედან გამომდინარე ზოგ კადრებში უბრალოდ ზედმეტიცაა.
"აგვისტოს 5 დღე" ცდილობს ენის ბარიერს გაუმკლავდეს. ფილმში ჟღერს როგორც ინგლისური, ისე ქართული და ამავდროულად რუსული დიალოგები. ზემოთ მოგახსენეთ როგორ მოაგვარეს ეს პრობლემა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ საუბრებთან დაკავშრებით. რაც შეეხება უცხოელთა მიერ განსახიერებულ სხვა ქართველებს, ისინი უბრალოდ ქართულად საუბრობენ, თუმცა საშინელი აქცენტით. ეს ბევრს არაფერს ცვლის, თუმცა კონტექსტიდანაა ამოვარდნილი პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლები (შეგვიძია გამართლება მოვუძებნოთ, იმით რომ ნათარგმნია) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისადმი წარმოთქმული სიტყვა.
"აგვისტოს 5 დღის" ფინელი რეჟისორი რენი ჰარლინი უფრო მეტად ცნობილია ექშენის ჟანრის ფილმების გადაღებით. 1990 წელს მას ჩააბარეს იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველა მაღალ ბიუჯეტიანი ფილმი "კერკეტი კაკალი 2". სამაგიეროდ ასეთი წარმატებული არ ყოფილა მისი შემდგომი კარიერა, 1995 წლის ფილმი "Cutthroat Island" გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველა დროს ყველაზე დიდი საშემოსავლო კრახი კინოს ისტორიაში, რომელმაც კინოკომპანია Carolco Pictures-იც გააბანკროტა. ფინელი რეჟისორი ჯამში სულ ოთხჯერ იქნა ნომინირებული ოქროს ჟოლოზე ყველაზე ცუდი რეჟისორის კატეგორიაში. ჰარლინს თავისი ბლოკბასტრების გამო ხშირად ადარებენ ამერიკელ რეჟისორ მაიკლ ბეის (ტრანსფორმერები). თუმცა არ მეგონა თუ აგვისტოს 5 დღის ნახვის შემდეგ მეც აღმოვაღენდი მსგავსებას. კერძოდ კი ბეის ფილმთან "პერლ ჰარბორი". ორივე ფილმში ომის ისტორიაა გადმოცემულია ანალოგიურად სხვადასხვა მხრიდან. მის სიუჟეტსაც ორი ხაზი გააჩნია, ერთი პრეზიდენტ რუზველტისა და თეთრი სახლის პოზიციას გამოხატავს, ხოლო მეორე ახალგაზრდა მფრინავებისა და მედდების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ამ ყველაფერს კი იაპონელების მიერ პერლ ჰარბორის დაბომბვა აერთიანებს. საბოლოო ჯამში ფილმი ასახავს იმ სულისკვეთებას, რომლითაც ახალგაზრდები მტრის წინააღმდეგ იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დასაცავად, ასევე ადამინების სიკვდილის გამოწვეული ტრაგედია და სიყვარულის ისტორია. მართალია კინოკრიტიკოსები არც პერლ ჰარბორს წყალობენ, მაგრამ მისი ნახვისას ამერიკელი ხალხის ტკივილის უფრო განვიცადე, ვიდრე აგვისტოს 5 დღის შემდეგ ჩემი თანამემამულეების.
ამ ფილმის შეფასების დროს მგონია, რომ ზედმეტად სუბიექტური ვარ. ის რაც თითოელმა ქართველმა და მათ შორის მეც აგვისტოს იმ დღეების დროს განვიცადეთ, საერთოდ ვერ დაიტია ორსაათიანმა ჰოლივუდურმა ფილმმა. ერთადერთი რისი თქმაც რენი ჰარლინის ნამუშევარმა შეძლო ეს იყო ის, თუ როგორ არ აინტერესებდა მსოფლიოს და განსაკუთრებით ამერიკას ერთი პატარა ქვეყნის ისტორია და როგორ უგულვებელყოფდა მცირერიცხოვანი ერის ტკივილს. საინტერესოა ეს ფილმი, რამდენად გულშიჩამწვდომი იქნება უცხო ქვეყნის აუდიტორიისთვის. ხშირად საუბრობენ ამ ფილმის პროპაგანდულ ხასიათზე. რა თქმა უნდა სავსებით მოსალოდნელია, რომ ფილმის მსოფლიოს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ხალხი მეტს შეიტყობს აგვისტოს სისხლიანი დღეების შესახებ. რაც არ უნდა იყოს ამას მაშინ გავიგებთ, როცა ამ ფილმის ამერიკულ რეცენზიები დაიწერება.
საბოლოო შეფასება
|
1.5/5 |
თქვენ რას ფიქრობთ ფილმზე?
მოგვიწონეთ Facebook-ზე