მართალია საქართველოს კინოთეატრებში მაყურებელთა ყურადღება სხვა ფილმებისკანაა მიმართული, თუმცა ტერენს მალიკის ახალი ფილმის ჩვენება მაინც არავის დავიწყებია, ასე რომ ხუთშაბათს, 9 ივნისს კინოთეატრ რუსთაველში ფილმ "სიცოცხლის ხის" პრემიერა შედგა. მეც საქართველოს ბანკის Facebook-ის ტრივია-კონკურსის წყალობით მას არ გამოვაკლდი. მართალია ფილმი მსოფლიოს მასშტაბით ფართო გაქირავებაში არ გამოსულა, მაგრამ ის საკმაოდ დადებითად შეაფასეს კანის 64-ე კინოფესტივალზე და ოქროს პალმის რტოც მიაკუთვნეს.
სანამ კონკრეტულად "სიცოცხლის ხეს" განვიხილავდე, რამოდენიმე სიტყვით რეჟისორ ტერენს მაკილზე მოგახსენებთ. 67 წლის მალიკის სარეჟისორო ნამუშევართა რაოდენობა საკმაოდ მწირია. მას გააჩნია განსაკუთრებული ხედვა და ბუნებისადმი გამორჩეული დამოკიდებულება, რაც ნათლად გამოიხატა მის წინა ფილმში "ახალი სამყარო". 1998 წელს კი ის ამერიკის კინოაკადემიამ წარადგინა ოსკაზე როგორც საუკეთესო რეჟისორის, ისე საუკეთესო სცენარისტის ნომინაციაში ფილმით "ვიწრო წითელი ხაზი".
ამჯერად მალიკი არ დასჯერდა ბუნების საოცარ კადრებს და გადაწყვიტა ახალ სცენარში მთელი სამყარო მოეცვა, ხილულიც და უხილავიც, დასაბამიდან ჩვენს დრომდე. ეს ყველაფერი კი ერთი ამერიკული ოჯახის ისტორიისა და ტრაგედიის შემავსებელ ნაწილად აქცია. ძირითადი მოქმედება ვითარდება 50-იანი წლების ტეხასში, პატარა ქალაქში, სადაც ახალგაზრდა მისტერ და მისის ო'ბრაიანები ერთი შეხედვით ბედნიერად ცხოვრობენ. მათი სამი შვილი ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრებით იზრდება დიქტატორი მამისა და მზრუნველი დედის გარემოცვაში. მისტერ ო'ბრაიანი (ბრედ პიტი) მკაცრი და მომთხოვნი ადამიანია. მისი სახით ფილმი გვიხსნის იმ ადამიანის ფსიქოლოგიას, რომელიც თავისი ბუნებით ეგოცენტრისტია, თუმცა წარუმატებლობის გამო, მისი ცხოვრება ემსგავსება გაუთავებელ სინანულს, იმაზე თუ რისთვის უნდა მიეღწია, რას იმსახურებდა და რა ვერ მიიღო. დროთა განმავლობაში მის გულს ბოღმა და შური ავსებს. ბრედ პიტი მართლაც რომ განსაკუთრებულია. ის ასეთი სახასიათო გმირებით სულაც არაა გათამამებული, ამიტომ იშვიათად ეძლევა საშუალება თავისი ნიჭი წარმოაჩინოს. მისის ობრაიანი (ჯესიკა ჩესტეინი) მოსიყვარულე დედაა, რომელიც მეუღლეს იშვიათად ეწინააჭმდეგება. ვფიქრობ ჩესტეინი საუკეთესო არჩევანია, რადაგნ ძალიან უხდება ამ როლს. სამივე ძმა, განსაკუთრებით კი უფროსი ჯეკი დაძაბული ოჯახური ურთიერთობის მსხვერპლი ხდება. გამუდმებული აკრძალვები და ბრძანებები მის სულს აფორიაქებს, ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს მამას, თუმცა დროთა განმავლობაში მისდამი ურთიერთ საპირისპირო გრძნობებს განიცდის, უყვარს და თან ეზიზღება, უფროდაუფრო ემსგავსება მას და აკეთებს, იმას, რასაც ვერ იტანს. აღფრთოვანებას იწვევს ჰანტერ მაკკრეკენი, რომელიც ახალგაზრდა ჯეკს განასახიერებს. ის თავისი მოძრაობის მანერით თუ სახის გამომეტყველებით სრულად ითავისებს მარტოსული და უბედური ბიჭის ტრაგიზმს. რასაც ვერ ვიტყვით შონ პენზე. მალიკმა მას მცირე როლი მისცა ფილმში, რაც რეალურად მის ჯეკთან გაიგივებას ართულებს და დიდი დატვირთვაც არ აქვს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რეჟისორს უბრალოდ ვარსკვლავი უნდოდა ფილმში და შონ პენიც ნაცნობობის გამო დასთანხმდა.
ტერენს მალიკის ფილმი საკმაოდ ამბიციურია. მის მიერ დაწერილი სცენარი საკმაოდ სულისშემძვლელი და რეალურია. სიცოცხლის ხე არა მიუყვება მხოლოდ ისტორიის მთავარ ხაზს. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ის მთელ სამყაროს მოიცავს. ფილმის ერთ-ერთი მამოძრავებელი თემა კი სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. რა თქმა უნდა ბავშვები სიკვდილს პირისპირ არასდროს ეჯახებიან, ასეთი თემებისგან მათ მშობლები იცავენ, თუმცა დადგება დრო, როცა ყველა მოხვდება ისეთ სიტუაციაში, როცა ფიქრს დაიწყებს სიკვდილზე. ჯერ თანატოლის, შემდეგ ძმის სიკვდილმა ჯეკსაც უმრავი კითხვა გაუჩინა. სიცოცხლესა და სიკვდილს ურთიერთმიმართებას, მთელ ამ ფილოსოფიას რეჟისორი სამყაროში ეძებს, სწორედ ამიტომ ფილმის დასაწყისში ეს ძიება თვითონ სამყაროს დაბადებასთან გვაბრუნებს. დიდი აფეთქება, სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე, დინოზავრების ხანა... ეს დაახლოებით 25 წუთიანი ულამაზესი კადრების მთელი წყობაა, რომელიც ერთდროულად Discovery-ის ან National Gographic-ის დოკუმენტურ ფილმს უფრო მოგაგონებს ვიდრე მხატვრულს.
პირადად ჩემში ამგვარი კონტრასტული სცენარის გარდა აღფრთოვანება იწვევს, გადაღების სტილი და მუსიკა. მდინარეების, უდაბნოების და ზოგადად ბუნების ასახვის შესახებ საუბარიც არაა საჭირო, რაც შეეხება თითოეულ კადრს, მოძრავი კამერა ტრიალებს მისის ო'ბრაიანის ყოველ მოძრაობასთან და ბზრიალთან ერთად, მიჰყვება ეზოში და სახლში მორბენალ და მოთამაშე ბავშვებს. კადრები ქალაქში კი მთლიანად ქვემოდანაა გადაღებული. საკმაოდ სიტყვაძუნწი ფილმი დიალოგების დანაკლის მუსიკით გვივსებს, რაც ფილმის ყველაზე დიდი ღირსებაა. ამასთანავე მალიკის სიცოცხლის ხე სარეჟისორო სტილით, დიალოგების ნაკლებობით, კლასიკური მუსიკის გამოყენებით ძალიან ჰგავს სტენლი კუბრიკის "2001: კოსმოსური ოდისეას".
მართალია ეს ფილმი მე ძალიან მომეწონა, თუმცა კინოთეატრში მყოფმა სხვა მაყურებლებმა მისი დასრულებისას შვებით ამოისუნთქეს და ირონიული სიცილით დატოვეს იქაურობა. ფილმის ნელი ტემპი ბევრისთვის (განსაკუთრებით ექშენს მიჩვეული ადამიანებისათვის) შეიძლება ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდეს.
საბოლოო შეფასება
4/5 |
მოგვიწონეთ Facebook-ზე
1 კომენტარი:
Arachveulebrivi ganxilvaa, mec gamaxsena 2001 Space Odyssey ragac momentebshi, ulamazesi filmi iyo... magram mayurebeli iyo ragac saswauli, cxovelebi sufta, mteli filmis ganmavlobashi 2 rigi kvdeboda sicilit da komentars uketebda yvelafers, dzaan gagizianebuli wamovedi...
Post a Comment