2009 წლის 24 ივნისს, კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის მაშინდელმა პრეზიდენტმა, სიდ გენისმა პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ოსკარის 82-ე ცერემონიაზე საუკეთესო ფილმის კატეგორიისთვის 5-ის ნაცვლად 10 ნომინანტი იბრძოლებდა. მისი აზრით, ეს ცვლილება აკადემიას საშუალებას მისცემდა დაეფასებინათ ის ფანტასტიური ფილმები, რომლებიც სხვა კატეგორიებში ხდებოდნენ ნომინირებულნი, თუმცა მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლას ეთიშებოდნენ. მაშინ ეს ცვლილება არაოფიციალურად დაუკავშირეს კრის ნოლანის ფილმს, "ბნელი რაინდს", რომელიც ოსკარზე არ ყოფილა ნომინირებული ოსკარის მთავარ ნომინაციაზე.
ცოტა ხნის წინ აკადემიამ გაავრცელა პრეს-რელიზი დაჯილდოების წესებში შეტანილი ცვლილებების შესახებ. ცვლილების უმნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ "საუკეთესო სურათის" კატეგორიას შეეხო. ამიერიდან ნომინირებულ ფილმთა რაოდენობა 5-იდან 10-მდე იმერყევებს, ანუ ნომინაციების გამოცხადებამდე პუბლიკას ნომინანტთა ზუსტი რაოდენობაც არ ეცოდინება. აკადემია ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა მას შემდეგ, რაც გამოიკვლია გასული დეკადის დაჯილდოებები და დაასკვნა, რომ 2001-2008 წლებში ასეთ აღიარებას სხვადასხვა რაოდენობის ფილმები იმსახურებდნენ.
ცვლილებები ასევე შეეხო კიდევ რამდენიმე ნომინაციას, მათ შორის საუკეთესო ანიმაციურ ფილმს. აქამდე ყოველ წელს აკადემია ამ ნომინაციის აქტივაციას ახდენდა, თუმცა ეს წესი ახლა გაუქმდა და ნომინაციაც დაჯილდოების მუდმივი კატეგორია გახდა. ამის მიუხედავად შენარჩუნდა წლის განმავლობაში ანიმაციური ფილმების მინიმალური რაოდენობა - 8. ნომინანტთა რიცხვი ამ კატეგორიაშიც მერყევი იქნება. თუ 8-იდან 12-მდე ანიმაცია გამოვიდა, მათგან 2 ან 3 იქნება ნომინირებული, თუ 13-იდან 15-მდე, ნომინანტთა მაქსიმალური რიცხვი 4-ს შეადგენს, თუ 16 ან მეტი, ნომინირებული შეიძლება იქნას მაქსიმუმ 5 ფილმი.
შეგახსენებთ, რომ ოსკარის ნომინაციები გამოცხედდება 24 იანვარს, თავად ცერემონია კი გაიმართება 26 თებერვალს.
0 კომენტარი:
Post a Comment