ერთი კვირის წინ ინტერნეტში გავრცელებული ჭორი გამართლდა. Heat Vision-ის ცნობით Warner Bros.-მა ერთერთი მწვანე ჩირაღდნის, კილოვოგის როლი მაიკლ კლარკ დანკანს შესთავაზა და მასთან საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ვინც არ იცის, კილოვოგი მწვანე ჩირაღდნების კორპუსის წევრია, რომელსაც ახალბედების წვრთნა ევალება. სხვა მწვანე ჩირაღდნების მსგავსად (აბინ სურისა და სინესტროს გამოკლებით) ისიც მთლიანად კომპიუტერით იქნება შექმნილი და ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათზე მსახიოებების დამტკიცება ფილმის გამოსვლამდე მხოლოდ ორი თვით ადრე ხდება. პერსონაჟის გახმოვანება გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს, ამის დასტურია კიდევ ერთი მწვანე ჩირაღდანი ტომარ–რი, რომელზეც ოსკაროსანი ჯეფრი რაში მხოლოდ ორი კვირის წინ დაამტკიცეს, მაგრამ ის უკვე ვიხილეთ Wondercon-ის ტრეილერში.
სურათის რეჟისორი მარტინ კემპბელია, ხოლო სცენარისტები – გრეგ ბერლანტი, მაიკლ გრინი, მარკ გუგენჰაიმი და მაიკლ გორდენბერგი. ფილმში ასევე მონაწილეობენ რაიან რეინოლდსი, მარკ სტრონგი, ბლეიკ ლაივლი, პიტერ სარსგაარდი, ტიმ რობინსი და ანჯელა ბასეტი. მწვანე ჩირაღდანი კინოთეატრებში 17 ივნისს გამოვა.
0 კომენტარი:
Post a Comment