რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Warner Bros. ფრენკ მილერის "ბნელი რაინდი ბრუნდების" მიხედვით ანიმაციურ ფილმს შექმნის, მაგრამ ეს არ იქნება მილერის ერთადერთი კომიქსი, რომელსაც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში პატარა ეკრანებზე ვიხილავთ. Warner Bros.–ის გეგმებში ასევე შედის ფრენკ მილერისა და დევიდ მაზუჩელის "ბეტმენი: პირველი წელიწადის" ადაპტაციაც. სცენარი ტებ მერფიმ დაწერა, ხოლო რეჟისორებად ლორენ მონტგომერი და სემ ლიუ (სამართლიანობის ლიგა: კრიზისი ორ დედამიწაზე) მოგვევლინებიან. დღეს კი ცნობილი გახდა ის სამსახიობი ჯგუფი, რომელიც მთავარ პერსონაჟებს გაახმოვანებს. ბენჯამინ მაკკენზი ბრიუს უეინს/ბეტმენს ითამაშებს, ხოლო ბრაიან კრენსტონი, ელაიზა დუშკუ, ქეითი საკჰოფი და ალექს როკო შესაბამისად ჯიმ გორდონს, ქალიკატას, დეტექტივ სარა ესენსა და მაფიის დონ კარმეინ ფალკონეს გაახმოვანებენ. "ბეტმენი: პირველი წელიწადი" მოგვითხრობს ბეტმენის წარმოშობას, მასში ახალგაზრდა ბრიუს უეინი გოთემში ბრუნდება და ლეიტენანტ ჯეიმს გორდონთან ერთად კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. შეგახსენებთ, რომ კრისტოფერ ნოლანის "ბეტმენი: დასაწყისი" საკმაოდ ბევრ ელემენტს შეიცავს "პირველი წელიწადიდან". "ბეტმენი: პირველი წელიწადი" DC–ის სხვა მულტფილმების მსგავსად PG-13 იქნება და მისი პრემიერა ამ წლის ივლისში San Diego Comic–Con–ზე შედგება, ხოლო DVD დისკებზე შემოდგომისათვის გამოვა. ქვემოთ იხილეთ კი პირველი სურათები ფილმიდან.
0 კომენტარი:
Post a Comment