• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/29/2011

"თორი" - განხილვა

გუშინ კინოთეატრ ამირანში შედგა მარველის კიდევ ერთი კომიქსის ადაპტაციის პრემიერა. ამჯერად საშუალება მოგვეცა კენეტ ბრანას "თორი" შეგვეფასებინა. ფილმი მოგვითხრობს მარველის კომიქსების გმირის თორის შესახებ, რომელიც თავისმხრივ სკანდინავიური მითოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღმერთს ეფუძნება. მთავარ პერსონაჟს ასრულებს ავსტრალიელი კრის ჰემსვორთი და ასევე მონაწილეობენ ნატალი პორტმენი, ენტონი ჰოპკინსი და ტომ ჰიდლსტონი.

სურათი მოგვითხრობს ასგარდელებისა და ყინულის გიგანტების მრავალსაუკუნოვან დაპირისპირებაზე. საწყისი კადრები გვაცნობს თუ როგორ დაამარცხა თორის მამამ, ასგარდის მეფე ოდინმა (ენტონი ჰოპკინსი) იოტუნჰაიმის მბრძანებელი ლაუფეი (კოლმ ფეორე) და როგორ დაეუფლა Casket of Ancient Winters–ს. თორის კორონაციის დროს მისი მოპარვის მცდელობამ მამა-შვილს შორის განხეთქილება წარმოშვა. მეფე მშვიდობიან ურთიერთობას ამჯობინებდა, ახალგაზრდა უფლისწული კი ომს მოითხოვდა. თორის გაბედულმა ქმედებებმა მტრის წინააღმდეგ, ოდინი განარისხა, რომელმაც მას საბოლოოდ ძალა წაართვა და დედამიწაზე გამოაგდო. აქ ასგარდელი უფლისწული ამერიკელ მეცნიერებს, ჯეინს (ნატალი პორტმენი), ერიკსა (სტელან სკარსგარდი) და დარსის (კეტ დენინგსი) ხვდება.

კენეტ ბრანამ თავისი საქმე ხუთიანზე, რომ იცის კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა. წინასწარ გამოქვეყნებულ ტრეილერებსა და ვიდეოებში არ მოგვეცა საშუალება კარგად შეგვეთვალიერებინა ღმერთთა სამყოფელი, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. 3D-სა და CGI-ის დახმარებით ბრანას მიერ წარმოდგენილმა ასგარდმა ლამაზი და დაუვიწყარი შტაბეჭდილება დატოვა. ასგარდისვე სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შემოქმედებითმა გუნდმა შეძლო, იქ შუასაუკუნეების სკანდინავიური გარემო შეექმნა და ეს ზღაპრული ქვეყანა ნამდვილს დაემსგავსებინა. მეორემხრივ ოდნავ გულისდამწყვეტი იყო ის, რომ ფილმში ასგარდი თავისი სრული "დიდებით" არ იყო წარმოჩინებული და იქ ძირითადად მოქმედებები მხოლოდ ბიფროსტის ხიდსა და ოდინის სასახლეში მიმდინარეობდა.

ლოკი და თორი
თორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლიუსია მთავარი გმირი. ფიზიკურ მსგავსებასთან ერთად, კრის ჰემსვორთმა ერთდროულად შეძლო წარმოეჩინა ისევე, როგორც ქედმაღალი და თვითდაჯერებული, ასევე გამოძევებული და გულგატეხილი პერსონაჟი. თავისი შესრულებით ის არ ჩამოუარდება რობერტ დაუნი უმცროსს რკინის კაცში.
ჰეიმდალი

ფილმის კიდევ ორ შესანიშნავ პერსონაჟს წარმოადგენენ ლოკი (ტომ ჰიდლსტონი) და ჰეიმდალი (იდრის ელბა). ლოკი ჯერ-ჯერობით ნამდვილად საუკეთესო უარყოფითი გმირია შურისმაძიებლების (Avengers) სერიაში. შედარებით ნაკლებად იყო გამოკვეთილი ასგარდელი სამი მეომარი (რეი სტივენსონი, ჯოშუა დალასი, ტადანობუ ასანო). რაც შეეხება ფილმის ორ ოსკაროსან მსახიობს, ნატალი პორტმენსა და ენტონი ჰოპკინსს. დიდი სამუშაო გასწიეს, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო მათი საუკეთესო როლები.

ასგარდის სცენები, მონსტრები, ბიფროსტის ხიდი და ის, თუ როგორ გადაადგილდებოდნენ გმირები სამყაროში იყო წარმოუდგენლად კარგად გაკეთებული. მთელი ფილმის მანძილზე ბრძოლები კეთილსა და ბოროტს შორის მიმდინარეობდა ასგარდში, იოტუნჰაიმსა და დედამიწაზე. მათ შორის პირველი ორი იყო ოსტატურად დადგმული და გადაღებული. რამდენადაც შტამბეჭდავი გამოდგა ეს ბრძოლები თავისი გასაოცარი სპეცეფექტებით, იმდენად იმედგაცრუებული დავრჩი დედამიწაზე სამ მეომარსა და გამანადგურებელს შორის ბრძოლით.

ბრძოლა იოტუნჰაიმში
ფილმში კარგად იყო დაბალანსებული ექშენი და იუმორი. ეს უკანასკნელი მას დიდ ეკრანზე სასიამოვნოდ სანახავს ხდიდა, თუ რათქმაუნდა არ ჩავთვლით რამდენიმე მომენტს, სადაც პერსონაჟები კლოუნებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ასგარდსის ღმერთებს, რაც ფილმში არც თუ ისე კარგად ჯდებოდა. იუმორთან ერთად რეჟისორი შეეცადა აქცენტი გაეკეთებინა რომანტიკაზე, რაც კარგად ნამდვილად არ გამოსვლია. დედამიწაზე მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდებოდა, რომ მთავარი პერსონაჟების სიყვარული რეალურად არც აღმიქვამს. უფრო ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თორს ჯეინი და ჯეინს თორი იმიტომ შეუყვარდათ, რომ ფილმი მოითხოვდა ასე.

შეიძლება ეს ბევრისთვის შეხსენებას არც საჭიროებდეს, მაგრამ მაინც გავიმეორებ. თორი მარველ სტუდიოს კიდევ სამ პერსონაჟთან, რკინის კაცთან, ჰალკთან და კაპიტან ამერიკასთან ერთად ერთიანდება ერთ ფრენჩაიზში, რომელსაც 2012 წელს დააგვირგვინებს ფილმი შურისმაძიებლები.

ფილმის წარმოების თავდაპირველ სტადიაში ვფიქრობდი, რომ მარველი ვერ შეძლებდა თორის, ანუ ფილმის რომელიც მოგვითხრობს უცხოპლანეტელზე და არა მუტანტზე, იგივე სერიაში ჩასმას, რომელშიც დანარჩენი სამია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმის ერთ-ერთი ნაკლია, ჩემი აზრით რეჟისორმა მაინც შეძლო დედამიწელებისა და უცხოპლანეტელების კავშირის უკანა პლანზე გადაწევა.

თორი და აგენტი კოულსონი
ახლა რაც შეეხება თორს, როგორც მოსამზადებელ პლაცდარმს "შურისმაძიებლებისთვის". მთელ სერიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ-ერთი პერსონაჟი ორ სხვადასხვა ფილმში სრულფასოვნად ჩანს (არ ვგულისხმობ კამეოს). ესაა აგენტი კოულსონი, რომელსაც არცთუისე უმნიშვნელო როლი აქვს "თორსა" და "რკინის კაცის" დილოგიაში. მეორე მაკავშირებელი შეიძლება ბევრისთვის შეუმჩნეველიც დარჩა. ეს არის S.H.I.E.L.D.-ის კიდევ ერთი აგენტი კლინტ ბარტონი (ჯერემი რენერი) იგივე ქორისთვალი (Hawkeye). ის საკმაოდ მნიშვნელოვანი გმირია კომიქსში და 2012 წელს შურისმაძიებლებშიც მოგვევლინება.

ახლა კი მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თქვენთვის უთუოდ შეუმჩნეველი დარჩებოდა კინოთეატრ რუსთაველსა და ამირანში - ტიტრების შემდგომი სცენა.

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ დროა რუსთაველმა და ამირანმა შეიგნონ ერთი რამ. ტიტრები და მისი შემდგომი კადრები (რომელიც ამ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული ხდება) ფილმის ნაწილია და არ შეიძლება მისი უბრალოდ გამორთვა, როდესაც დარბაზში ერთმა კაცმა მაინც იცის მის შესახებ და ელოდება ტიტრების დამთავრებას იმისთვის, რომ მთელ ფილმში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტის Youtube-ში ნახვა არ მოუწიოს. პირადად ჩემთვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კინოში არ მეძლევა მათი ხილვის საშუალება.

ფილმების დაკავშირების ერთ-ერთ მეთოდად მარველი სწორედ ამგვარ სცენებს იყენებს. "რკინის კაცში" ეს იყო   S.H.I.E.L.D.-ის შეფის ნიკ ფიურის კამეო (იხილეთ ვიდეო), „რკინის კაცი 2“-ში კი  S.H.I.E.L.D.-ის აგენტი კოულსონი, რომელიც ნახულობს თორის უროს - მიოლნირს (იხილეთ ვიდეო, ზუსტად იგივე კადრი თორშიც გამეორდა). ჰალკსაც აქვს ამავე ტიპის დამაკავშირებელი კადრი (იხილეთ ვიდეო), ტონი სტარკის ანუ რკინის კაცის მონაწილეობით, თუმცა რეჟისორმა გადაწყვიტა ეს სცენა ტიტრებამდე ეჩვენებინა და არა მის შემდეგ. ახლა კი მთავარი, იხილეთ ანალოგიური სცენა "თორში" (თუ ფილმი უკვე ნახეთ) და შემდეგ ქვემოთ წაიკითხეთ კადრის განმარტება.


 სპოილერი (არ წაიკითხოთ თუ ფილმი არ გაქვთ ნანახი)

მოკლედ დირექტორი ნიკ ფიური იბარებს დოქტორ ერიკ სელვიგს (სკასგარგი) და ავალაბს, რომ გამოიკვლიოს კოსმიური კუბი, თუმცა იქვე ვიგებთ, რომ დოქტორს სინამდვილეში ლოკი მართავს. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ჩავარდნისას ლოკი კი არ მომკვდარა, არამედ მან ტრანსპორტით ისარგებლა და დედამიწაზე გადმოვიდა. ამ ისტორიის გაგრძელების ხილვის საშუალება მოგვეცემა შურისმაძიებლებში (Avengers), სადაც თორი, ლოკი და ერიკ სელვიგი დაბრუნდებიან.

ახლა უფრო მნიშვნელოვანი. რა არის კოსმიური კუბი? კოსმიური კუბი არის მაგიური იარაღი, რომლის გამოყენებაც მეორე მსოფლიო ომის დროს მსოფლიოს დასაპყრობად წითელი თავისქალას (ჰუგო უივინგი) გეგმებში შედიოდა. ამ ისტორიას ვიხილავთ მარველის კიდევ ერთ ფილმში "კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი", რომელიც ამ წლის 22 ივლისს გამოვა. ქვემოთ იხილეთ კოსმიური კუბის სურათი, რომელიც წითელ თავისქალას უჭირავს.



საბოლოო შეფასება
4.5/5
თქვენ რას ფიქრობთ "თორზე"?

http://facebooklogin.ws/2009/12/facebook-login/
მოგვიწონეთ Facebook-ზე

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More