The Hollywood Reporter გვამცნობს, რომ Warner Bros. მოლაპარაკებას აწარმოებს მიშელ პფაიფერთან და ჰელენა ბონამ კარტერთან ტიმ ბარტონის ბნელ აჩრდილებში (Dark Shadows) მონაწილეობის თაობაზე. ფილმი წარმოადგენს 60-იანი წლების გოთიკური საპნის ოპერის ადაპტაციას. პფაიფერი ითამაშებს ელიზაბეტ კოლინს, ხოლო კარტერი დოქტორ ჯულია ჰოფმანს. ამ უკანასკნელის მონაწილეობაში ეჭვი არავის ეპარება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კარტერს მეუღლის, ტიმ ბარტონის არცერთი ფილმი არ გამოუტოვებია 2001 წლიდან დღემდე. საინტერესოა, რომ ბარტონს ბნელი აჩრდილების გადაღებისკენ უბიძგა მისმა დიდი ხნის მეგობარმა ჯონი დეპმა, რომლის ბავშვობის ოცნებაც ბარნაბას კოლინსის განსახიერება ყოფილა.
ფილმს შესაძლოა ასევე შეუერთდნენ ევა გრინი, ჯეკი ერლი ჰეილი და ბელა ჰითკოკი. სურათის სცენარზე მუშაობს სეთ გრეჰემ–სმითი, რომელიც არის ავტორი წიგნებისა "სიამაყე და ცრურწმენა და ზომბები" და "აბრაამ ლინკოლნი: ვამპირებზე მონადირე". აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის ეკრანიზაციაზე მუშაობენ ტიმ ბარტონი და ტიმურ ბეკმამბეტოვი. საუნდრეკს სავარაუდოდ დაწერს დენი ელფმანი. ფილმის გადაღებები დაიწყება 2011 წლის აპრილში.
0 კომენტარი:
Post a Comment